ესპანურმა ვებსაიტმა Fichajes.net-მა "ნაპოლის" მრისხანე დუეტი, ხვიჩა კვარაცხელია & ვიქტორ ოსიმენი კიდევ ერთხელ დაუკავშირა მადრიდის "რეალს".
წყაროს თანახმად, "თეთრების" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ხვიჩასა და ვიქტორის ასპარეზობით იმდენად აღფრთოვანებულია, რომ მათ ხელში ჩასაგდებად სატრანსფერო ფანჯარაზე რაიმე სიგიჟის ჩადენისთვისაც კია მზად.
"რეალის" წინა ხაზი განახლებას ნამდვილად საჭიროებს. ედენ აზარი და მარკოს ასენსიო "სანტიაგო ბერნაბეუდან" წამსვლელთა რიგებში არიან, ქარიმ ბენზემას კი ახალგაზრდა მემკვიდრე უნდა გამოუჩნდეს. მაშასადამე, როგორც გარემარბის, ასევე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მადრიდში ტრანსფერებს ელოდებიან, "ნაპოლის" მრისხანე დუეტი კი საამისოდ ბრწყინვალე ვარიანტია.
Fichajes-ის შეფასებით, "რეალისთვის" ერთადერთ პრობლემას ის უნდა წარმოადგენდეს, რომ კვარასაც და ოსიმენსაც "პარტენოპეისთან" ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებთ. ნიგერიელი "დიეგო მარადონა არენაზე" 2025 წლამდე რჩება, ქართველი კი - 2028 წლამდე. მიუხედავად ამისა, თუ მსურველი კლუბი ამ დუეტში 200 მილიონ ევროზე დიდ თანხას გადაიხდის, "ნაპოლი" მათი გაშვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.