"რეალის" მაისური არის თეთრი. ის შეიძლება ტალახით, ოფლით ან სისხლით დაისვაროს, თუმცა არასდროს სირცხვილით" - სანტიაგო ბერნაბეუ.
მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.
1895 წელს მათ დააარსეს კლუბი "საფეხბურთო ცა" (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. 1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი. 1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.
კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ". გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დააარსეს. "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი" დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. 1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.
"მადრიდის რეალის" ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.
სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი" ბილბაოს "ატლეტიკოსთან" დამარცხდა (ბილბაოს "ატლეტიკს" მაშინ სწორედ "ატლეტიკო" ერქვა).
1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, "მადრიდის რეალმა" სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.
ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის "რეალის" პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს "ატლეტიკომ" შეძლო 1930-33 წლებში.
სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ "მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს", უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა "რეალ". მადრიდის "რეალის" დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით "რეალი" ჩაიმატა (იგივე "რეალ მალიორკა", "რეალ სოსიედადი"), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის "რეალია".
მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი", წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.
1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის "რეალს" მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.
1928-29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩემპიონატიდან იღებს სათავეს.
სასტარტო პირველობაზე მადრიდის "რეალმა" ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის "რეალი" ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.
1943 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს "რეალთან" ასოცირდება.
ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა "რეალი", რომ მალე "შვილობილი" მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.
1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის "რეალმა" ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.
1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი "ჩამარტინი".
"რეალის" მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ფრანსისკო ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დი სტეფანოს "რეალში" მიწვევა იყო.
1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის "რეალმა" საფრანგეთის უძლიერესი კლუბი სტად დე რეიმსი 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.
შემდგომი 4 წლის მანძილზე "რეალმა" არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევაა და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.
50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის "რეალის" იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი "რეალისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის "აინტრახტს" 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის "რეალმა" პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.
60-იანი წლების მიწურულს მადრიდის "რეალი" ნელ-ნელა დატოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის "რეალს" კვლავ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.
1975 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის "რეალმა" არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი 16-ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.
1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გზის გამგრძელებლებმა "რეალისთვის" ძველი დიდების დაბრუნება ვერადა ვერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.
1981 წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა "ლივეპულმა" აჯობა. სხვათა შორის, მადრიდის "რეალი" თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "რეალს" უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე". დაძაბულ ბრძოლაში იტალიამ 3-1 მოუგო გერმანიას. 1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა ლუის დე კარლოსმა "რეალის" მთავარ მწვრთნელად წარადგინა ალფრედო დი სტეფანო, ხოლო "კასტილიის" მწვრთნელად ამანსიო ამარო.
ალფრედომ დატოვა მადრიდი 1964 წელს და დაბრუნდა 18 წლის შემდეგ. დი სტეფანომ ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და მაშინვე მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, მწვრთნელის რანგში რა თქმა უნდა. 1983/1984 წლების სეზონის ბოლოს დი სტეფანომ კვლავ დატოვა კლუბი. მას კონტრაქტი დაუმთავრდა 1984 წლის 30 ივნისს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მისთვის კონტრაქტი.
1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ ევროპას აჩვენა თავისი შესანიშნავი თამაში ბელგიური "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი მოგებული ჰქონდათ 3-0 და თავი უკვე უეფას თასის შემდეგ ეტაპზე გასულები ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ ყველა მათი ოცნება დაამსხვრია.
ემილიომ გაიტანა 3 გოლი, 2 ვალდანომ და 1 სანჩისმა. საბოლოო ანგარიში 6-1. თავის ისტორიაში პირველი ორი უეფას თასი რეალმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო. პირველი უნგრეთის "ვიდეოტონის" წინააღმდეგ (3-0; 1-0). მეორე გერმანული კიოლნის წინააღმდეგ (5-1; 0-2).
1986/1987 წლების სეზონი ჩაიწერა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში როგორც ყველაზე გრძელი სეზონი. 34 ტურის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 10 მატჩი გამართეს. პირველ ექვს ადგილზე გასული გუნდი იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის (რომელიც ბოლოს რეალმა მოიგო), მეორე ექვსეული უეფას თასზე გამსვლელი ადგილისათვის და ბოლო ექვსეული პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის.
"რეალმა" ბუტრეგენიოსთან და დანარჩენებთან ერთად მოიგო 5 ლა ლიგა ზედიზედ და გაიმეორა 1960/61 – 1964/65 წლებში მიღწეული რეკორდი. 1989/90 წლების სეზონში რეალმა დაამყარა კიდევ ერთი რეკორდი, გაიტანა 107 გოლი 28 თამაშში. ამ წლებში საუკეთესო იყო ბუტრაგენიო და უგო სანჩესი, რომელმაც მიიღო ოქროს ბუცი "სოფიის ცსკას" ფეხბურთელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად.
1990 წლის 17 ნოემბერს ჯონ ბენჟამინ ტოშაკის გაშვების შემდეგ გუნდი ჩაიბარა ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე ანტონიო კამაჩოს დროებითმა წყვილმა. ამ დროისათვის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ლუის არაგონესი დაეტოვებინა "ესპანიოლი" და გადმოსულიყო მადრიდში სამუშაოდ. არაგონესმა არ ისურვა კატალონიური კლუბის დატოვება და რეალის მწვრთნელად დანიშნეს რადომირ ანტიჩი.
1990-იანი წლების პირველი ნახევარი მადრიდის "რეალისთვის" წარუმატებელი გამოდგა. გუნდი განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევდა. 1996 წელს პრეზიდენტმა ლორენცო სანსმა მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფაბიო კაპელო დანიშნა. გუნდში ისეთ ფეხბურთელები მოვიდნენ, როგორებიც პრედრაგ მიატოვიჩი, დავორ შუკერი, კლარენს ზეედორფი და რობერტო კარლოსი არიან. გუნდში კი მათ ასევე ძლიერი ადგილობრივი კადრები დახვდნენ: რაული, ფერნანდო მორიენტესი და ფერნანდო იერო. 1998 წელს "რეალმა" თავისი 32 წლიანი პაუზა შეწყვიტა და ჩეპიონთა ლიგა მოიგო იუპ ჰაინკესის თავკაცობით.
1999 წელს "რეალის" თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე გახდა. მისი თავკაცობით "რეალმა" მერვედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2000 წლის ფინალში "სამეფო კლუბმა" "ვალენსიას" 3:0 მოუგო, გოლების გატანა მორიენტესმა, მაკმანამანმა და რაულმა მოახერხეს.
2000 წელს "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა დაიწყო. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა, რომლის პოლიტიკაც მსოფლიოში უძლიერესი ფეხბურთელების ყიდვა და "გალაქტიკოს" ჩამოყალიბება იყო.
მანდ თავიდანვე 270 მილიონი ევრო დახარჯა, რაც იმ დროისთვის უდიდესი თანხა იყო. პერესის ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი ტრანსფერი "ბარსელონადან" ლუის ფიგუს გადმობირება იყო. მოგვიანებით მადრიდში სათამაშოდ ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი, რონალდო, მაიკლ ოუენი და ფაბიო კანავარო ჩავიდნენ. მადრიდულმა გიგანტმა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში დელ ბოსკეს გუნდმა "ლევერკუზენი" დაამარცხა.
2006 წლის 27 თებერვალს ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალიდან" წასვლის შესახებ აცნობა საზოგადოებას. ამის შემდეგ გუნდში მცირე კრიზისი დაიწყო, თუმცა პერესის ბოლო სეზონში "სამეფო კლუბმა" ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც ჟულიო ბაპტისტა, რობინო და სერხიო რამოსი არიან. 2006 წლის ზაფხულში კი კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი გახდა.
კალდერონის პრეზიდენტობისას გუნდის სპორტული დირექტორის პოსტი პრედრაგ მიატოვიჩმა დაიკავა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გახდა. 2007 წელს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
2009 წლის 1 ივნისს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე ფლორენტინო პერესი დაბრუნდა. მან ახალი გალაქტიკოს აშენება დააანონსა. 2009 წლის ზაფხულში პერესმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელები კაკა და კრიშტიანო რონალდო იყიდა, ამ უკანასკნელში 95 მილიონი ევრო გადაიხადა.
გუნდი მანუელ პელეგრინის ჩააბარა, ხოლო პირველი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გაუშვა და მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ჟოზე მოურინიო დანიშნა. მოურინიომ "სამეფო კლუბს" კოპა დელ რეი და ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა საერთო ჯამში პეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" ხშირად იჩაგრებოდა.
2014 წელს "რეალმა" ოცნება აიხდინა. 12 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში "სამეფო კლუბმა" თანაქალაქელი "ატლეტიკო" დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გამათანაბარებელი გოლი 94 წუთზე სერხიო რამოსმა გაიტანა. მთავარი მწვრთნელი იტალიელი კარლო ანჩელოტი გახლდათ.
2016 წლის დასაწყისში მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა. აღნიშნული მოვლენა ბევრმა ძალიან უარყოფითად აღიქვა. საფეხბურთო ექსპერტთა და ჟურნალისტთა ნაწილი თვლიდა, რომ ზინადი დაკისრებულ მოვალეობას თავს სათანადოდ ვერ გაართმევდა. ფრანგმა გუნდი მალევე მოირგო და უკვე მაისში მან "რეალს" მეთერთმეტედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. "სან სიროზე" გამართულ ფინალში ზიდანის გაწვრთნილმა თერთმეტეულმა კვლავ თანაქალაქელი "ატლეტიკო" დაამარცხა.
მომდევნო, 2017 წელს "რეალმა" ჯერ ლა ლიგა მოიგო, ხოლო მოგვიანებით გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 3 ივნისს მადრიდულმა გრანდმა ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა, ანგარიშით 4:1. წარმატებული აღმოჩნდა ზინედზინ ზიდანის მესამე წელიც "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 2018 წლის 26 მაისს, კიევში, მთავარი საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "სამეფო კლუბმა" ინგლისური "ლივერპული" 3:1 დაამარცხა.
2009 წლიდან 2018 წლამდე მადრიდის "რეალის" უდავო ლიდერი კრიშტიანო რონალდო იყო. ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა 2-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 4-ჯერ ოქროს ბურთი. რონალდო გუნდის ისტორიაში საუკეთსო ბომბარდირი გახდა. საერთო ჯამში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "რეალისთვის" 438 თამაში ითმაშა და მეტოქეთა კარის აღება 450-ჯერ მოახერხა.
2022 წელს მადრიდის "რეალის" ახალი ისტორია კვლავ კარლო ანჩელოტისთან ერთად დაიწერა. 2021 წლის ივლისში ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ისევ იტალიელს ჩააბარა. ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლის სეზონი კი "სამეფო კლუბისთვის" ნამდვილ ზღაპრად იქცა. პლეიოფის სტადიაზე "რეალმა" "პარი-სენ-ჟერმენი", "ჩელსი" და "მან.სიტი" დაამარცხა, ხოლო პარიზში გამართულ ფინალში "ლივერპულს" 1:0 ვინისიუსის გოლით მოუგო. ამრიგად, ლეგენდარულმა მწვრთნელმა "ბლანკოსს" მე-14 ტრიუმფი აზეიმა ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე მან კლუბს რიგით 35-ჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატიც.