

მადრიდის „რეალი“ მზად არის დანი სებალიოსის გაყიდვაზე იფიქროს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი სათანადო შემცვლელს იპოვის — ამის შესახებ ინფორმაციას Diario AS ავრცელებს.
„სამეფო კლუბი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ეტაპობრივად გეგმავს და იმ შემთხვევაში, თუ სებალიოსის მომავალთან დაკავშირებით ტრანსფერზე კონკრეტული შეთავაზება შემოვა, ესპანური გრანდი მის განხილვას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, თუ უკვე ჰყავს ან მზად არის გადაიბიროს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სებალიოსის ფუნქციებს სრულფასოვნად შეასრულებს.
სებალიოსს ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს მადრიდელებთან, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ თავად ფეხბურთელმაც იფიქროს კარიერის ახალ ეტაპზე.
ჯერჯერობით კონკრეტული წინადადება არც კლუბს მიუღია და არც ფეხბურთელს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა აქტიურ ფაზაში შედის და სებალიოსის მომავალი შესაძლოა უახლოეს კვირებში უფრო გარკვეული გახდეს.



