

კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დაპირისპირება სამართლებრივ ჭრილში შედის. RMCsport-ის ცნობით, პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის წინააღმდეგ 98 მილიონი ევროს ოდენობის სარჩელი შეიტანა, ხოლო პარალელურად სასამართლოს მიმართა თხოვნით, გააუქმოს მბაპესთვის 55 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება.
დაპირისპირების მიზეზი ფეხბურთელის ფინანსური პრეტენზიებია – მბაპე ამტკიცებს, რომ „პსჟ“-მ მას ხელფასი და ბონუსები არ გადაუხადა იმ პერიოდში, როდესაც კლუბთან კონტრაქტით ჯერ კიდევ დაკავშირებული იყო, თუმცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გუნდის დატოვება. როგორც ცნობილია, მბაპემ 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ „პსჟ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.
პარიზული კლუბის იურისტები აცხადებენ, რომ მბაპეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ფეხბურთელმა სასამართლო პროცესების გაჭიანურებით ზიანი თავად კლუბს მიაყენა. სწორედ ამ არგუმენტით მოითხოვა „პსჟ“-მ 98 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია.
„მბაპემ ზიანი შეგნებულად მიაყენა კლუბს. ჩვენთვის მთავარია, დავამტკიცოთ, რომ მისი პრეტენზია უსაფუძვლოა და არა მხოლოდ თანხის ამოღება“, – განაცხადა კლუბის იურისტმა, რენო სემერჯიანმა.
მბაპეს მხარეს მყოფმა ადვოკატმა, თომას კლეიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში ფეხბურთელმა მხოლოდ 14 მილიონი ევროს მიღება შეძლო და დანარჩენი თანხის ამოღება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„საუბარია სუვერენულ სახელმწიფოზე – კატარზე, რომელიც კლუბის დაფინანსებას განაგრძობს. ასეთ პირობებში თანხის ამოღება მართლაც პრობლემურია“, – განაცხადა კლეიმ.



