მადრიდის "რეალში" ეჭვობენ, რომ მსაჯები გადაწყვეტილებებს 'ბარსელონას" სასიკეთოდ იღებენ, - იუწყება AS.
"სამეფო კლუბი" თავის ოფიციალურ არხ RMTV-ზე გამუდმებით აჩვენებს იმ "საკამათო" ეპიზოდებს, რომლებშიც მთავარმა არბიტრმა კატალონიური გრანდის მხარი დაიჭირა.
ყველაზე მეტი ეპიზოდი "ოსასუნასა" და "ბარსას" შორის გამართული მატჩიდანაა.
"თეთრების" აზრით, რობერტ ლევანდოვსკიზე პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, ჟიულ კუნდეს გოლი კი უნდა გაუქმებულიყო, რადგან ფრანგმა მცველმა მეტოქეს ორთაბრძოლისას ხელი უბიძგა.
გარდა ამისა, "რეალში" უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამენ, რომ "ხეტაფესთან" შეხვედრის ერთ ეპიზოდში, ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა არ დაფიქსირდა; შესაბამისად, თერთმეტმეტრიანიც არ დაიდო.
შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსს" 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ჩავის გუნდი მადრიდელებს 2 ქულით ჩამორჩება.