logo

1 თვით ადრე: რატომ დავამარცხებთ "სიტის"?!

1 თვით ადრე: რატომ დავამარცხებთ "სიტის"?!

ჩემპიონთა ლიგა რომ ყველაზე ამაღელვებელი საფეხბურთო ტურნირია საკლუბო დონეზე, ამაზე დიდი ხანია აღარ დაობენ. როდესაც შენი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე გამოდის და ორმატჩიან დუელს ელოდები, ამბობენ გულის რიტმი დღითიდღე იცვლება და სხეულის ტემპერატურაც უმნიშვნელოდ, თუმცა ყოველდღე მატულობსო. მეცნიერებს ეს ფენომენი კარგად ჯერ არ შეუსწავლიათ, მაგრამ ყველას მშვენივრად გამოგვიცდია. პრინციპში, წინა სეზონს რა ვუთხარი, თორემ ერთ დღესაც უკაცრიელ კუნძულზე, წელიწადში ერთი ზარის მიღების უფლებით იჯდებოდა ვინმე ჩვენებური მადრიდისტა, მეგობარი დაურეკავდა და ეტყოდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთო, მას კი რეაქციაც კი არ ექნებოდა. მოკლედ, ასეა თუ ისე, კარგა ხნის შემდეგ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები აღარ ვართ და ახლა ხალხი კლოპის "ლივერპულის" ქებაშია გართული. ჩვენ კი მერვედფინალში მათი ერთ-ერთი კონკურენტი "მანჩესტერ სიტი" გველოდება.

"იმიტომ რომ რეალი მეფობს"; "იმიტომ რომ ბენზემა განძია, აგუერო ბანძია"... მოდით, ეს ყველაფერი თავიდან ამოვიგდოთ და სტატიის სათაურს უფრო დასაბუთებულად ვუპასუხოთ. სათაური ოპტიმისტურია, მაგრამ მისი არც თუ იმედისმომცემად გაგებაც შეიძლება: "რატომ მოვუგებთ სიტის?! ან მოვუგებთ, კი?!"

ჩვენ.

წინა სეზონში "სამეფო კლუბი" კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. "ბარსელონასთან" 19 ქულიანი ჩამორჩენა და 12 წაგება ლა ლიგაში; "აიაქსთან" განცდილი კრახი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში; კოპა დელ რეის ნახევარფინლში "ელ კლასიკო" და ჩვენს კედლებში ვალვერდეს "ბარსელონასთან" 0:3 მარცხი... ყველაფერი ძალიან რთულად იყო. მოდით ვაღიაროთ, არც ზაფხულში დაგვაკლეს. "ბაიერნმა", "ტოტენჰემმა" და "რომამ" კი დაგვამარცხეს, მაგრამ ყველაზე ავად გასახსენებელი ისაა, რომ "ატლეტიკომ" 7 ბურთი გაგვიტანა და შეხვედრა 3:7 დავთმეთ. 

მიმდინარე სეზონში ბევრი ავი თვალი გვიყურებდა და გვიყურებს. ნახევარ სეზონზე მეტი უკვე გასულია, მაგრამ აქა-იქ ჩვენი ყოველი მარცხისას გვესმის "რაღა დროს "რეალია"; "რონალდოს გარეშე "რეალი" გუნდი არაა" და სხვ. თუმცა ამასობაში, რეალურად მხოლოდ 2 მატჩი წავაგეთ. "პსჟ"-სთან ჩემპიონთა ლიგაზე და "მალორკასთან" ლა ლიგაში. ბოლო 19 შეხვედრაა, რაც არცერთ ტურნირზე არ წაგვიგია (15 მოგება, 4 ფრე). მოვიგეთ ესპანეთის სუპერ თასი და ლა ლიგაში პირველ პოზიციას ვიკავებთ (3 ქულით წინ "ბარსელონაზე"). ამ ხნის განმავლობაში "სევილიას", "ატლეტიკოს", "ვალენსიას" თავისუფლად მოვუგეთ, არ წაგვიგია "ბარსელონასთან" კატალონიაში და გავედით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

უკვე ზედიზედ 6 მატჩია ვიგებთ. ბენზემას ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ველოდებით ედენ აზარის ლაზარეთიდან დაბრუნებას. გუნდი ნამდვილად შესანიშნავ ფორმაშია და "მანჩესტერ სიტიმდე" მადრიდული დერბის გარდა მარტივი მატჩები აქვს სათამაშო. თასზე "სარაგოსა", ხოლო ლა ლიგაში "ატლეტიკო", "ოსასუნა", "სელტა ვიგო" და "ლევანტე". 

ისინი.

"მანჩესტერ სიტისთვის" წინა სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 2018 წლის აგვისტოდან მოყოლებული გუნდმა ინგლისის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი და ბოლოს ისევ სუპერ თასი მოიგო, თანაც "ლივერპულის" წინააღმდეგ. ქალაქელებმა ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც ინგლისის საზღვრების დატოვების გარეშეა შესაძლებელი. თუმცა მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გუნდი დაბნეული ჩანს. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ "სიტის" მეორე ადგილი მხოლოდ "ლივერპულის" ბრალი არაა. თითქოს "მანჩესტერ სიტის" უჭირს კონცენტრირდეს გამარჯვებაზე ზოგიერთ თამაშში. "ქალაქელებმა" პირველად "ნორვიჩთან" წააგეს (3:2), პრემიერ ლიგის ახალწვეულთან, რომლის გამარჯვებასაც ტოტალიზატორები 25.00 კოეფიციენტით აფასებდნენ. "სიტიმ" ეს თითქოს არ შეიმჩნია, მოგებები ისე გააგრძელა, როგორც ამას "ნორვიჩამდე" აკეთებდა, თუმცა ოქტომბერში სახლში "ვულვზთან" დამარცხდა 0:2, რასაც ბუკმეიკერები ასევე გიგანტურ 21.00 კოეფიციენტად აფასებდნენ. "სიტი" ისევ არ გაჩერდა, სანამ პრობლემამ თავი ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაშიც არ იჩინა. ენფილდზე "სიტი" "ლივერპულთან" 3:1 დამარცხდა და საჩემპიონო შანსები იმ დროისთვის გაინახევრა. ამის შემდეგ გუნდმა მანჩესტერული დერბიც დათმო საკუთარ კედლებში და მეტიც – "ვულვზი" გახდა დიდი ხნის შემდეგ პირველი გუნდი, ვინც "მანჩესტერ სიტის" ორივე მატჩი მოუგო პრემიერ ლიგაში. თანაც ეს უკანასკნელი მატჩი 3:2 წააგეს მას შემდეგ, რაც იგებდნენ ორ ბურთიანი უპირატესობით 55-ე წუთამდე. 

შთამბეჭდავ ფორმაში არიან სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი. კარგად გამოიყურებიან სხვებიც, თუმცა ინგლისელებს დაცვაში პრობლემები აქვთ. სწორედ ამით უნდა ვისარგებლოდ კარგად და ასევე ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ "სიტი" მოულოდნელად აგებს და თითქოს უჭირს. გარდა ამისა, ცნობილი ხუმრობის თანახმად, "სიტის" დამარცხებული დიდი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ არსებობს".

აღნიშნული დაპირისპირება 26 თებერვალს, შუა ღამით გაიმართება. პირველ ჯერზე ინგლისელებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვუმასპინძლებთ. მადრიდში "სიტის" ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ დავამაცხეთ. 2012 წელს 3:2 და 2016 წელს 1:0. როგორც ჩანს, 4 წელიწადში ერთხელ "მანჩესტერ სიტისთან" თამაში ერთგვარი ტრადიციაა და რატომ არ უნდა ვაქციოთ ეს ყველაფერი, მათი დამარცხების ტრადიციად?!

  • გამოგვყევი Telegram-ზე და მიიღე "რეალის" შესახებ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე ყველაზე სწრაფად: https://t.me/RealmaniaGe

2 თვის წინ
574 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 599
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ