როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კი რთულად მიმდინარეობს.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს, რომელიც მის გადაბირებას რამდენიმე წელია ცდილობს.
პარიზული კლუბი კილიანის სავარაუდო წასვლას ვერ ეგუება, ამიტომაც, გუნდის ხელმძღვანელობამ მბაპეს მაგიდაზე საოცარი შეთავაზება დაუდო - 2 წელი, 150 მილიონი ევრო.
სეზონში 75 მილიონი ევრო, მართლაც, უდიდესი თანხაა, თუმცა როგორც ირკვევა, მბაპეს "ბლანკოსში" გადასვლა გადაწყვეტილი აქვს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელს "პსჟში" დარჩენა თვით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სთხოვა.
როგორც ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტი კილიანს პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 2024 წელს გაიმართება, ქვეყნის მედროშეობასაც შეჰპირდა.