logo

ხუთი ფეხბურთელი, რომლებმაც ზიდანის ხელში დიდი პროგრესი განიცადეს

ხუთი ფეხბურთელი, რომლებმაც ზიდანის ხელში დიდი პროგრესი განიცადეს

ზინედინ ზიდანი რომ მადრიდის "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ამაზე ნაჩვენები შედეგებიც მოწმობს. თუმცა, გარდა სტატისტიკისა ფრანგი სპეციალისტი სხვა მიღწევებითაცაა გამორჩეული.

მაგალითად, ზიდანის ქვეშემდომობით "სამეფო კლუბის" არაერთმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი აჩვენა. სტატიაში სწორედ ასეთ 5 ფეხბურთელს გამოვარჩევთ.

კარლოს კაზემირო. ბრაზილიელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალში" ზიზუს დანიშვნამდე გამოჩნდა. მან 2014/15 წლების სეზონი "პორტუში" გაატარა და ბევრი ქომაგი აალაპარაკა. თუმცა, "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოიპოვა ადგილი. მას შემდგომ, რაც ბენიტესი ზიდანმა ჩაანაცვლა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ზიზუ იდეალურად ხვდება, თუ რა მნიშვნელოვანია ჩამშლელი ნახევარმცველის როლი გუნდში და სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ენდობა კაზემიროს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ზიდანს იმედები სრულიად გაუმართლა და ის მალევე ჩამოყალიბდა თანამედროვეობის საუკეთესო ჩამშლელად. დღევანდელი "რეალის" მის გარეშე წარმოდგენა კი შეუძლებელია.

ლუკას ვასკესი. ესპანელი გარემარბი "რეალის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა, 2015/16 წლების სეზონამდე მას, ფაქტობრივად, შანსი არ ეძლეოდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მაშინ, როდესაც გუნდს სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგა. მისი როტაციების წყალობით ლუკა მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად. შესაძლოა, ვასკესი არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც რომელიმე გრანდი ძირითად შემადგენლობაში ადგილს ანდობდა, თუმცა, ზიდანის ხელში ის ერთგვარ ფარულ იარაღად იქცა, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გაისროლოს.

ფედე ვალვერდე. 2018/19 წლების სეზონი "რეალისთვის" ნამდვილი კრახი იყო, თუმცა, ამ სეზონს ერთი დადებითი მოვლენა მაინც ჰქონდა, ფედე ვალვერდეს გამოჩენა. ურუგვაელი ნახევარმცველი 2 წლის წინ შეუერთდა "სამეფო კლუბს" და პირველივე სეზონში აჩვენა, რომ მას საკმაოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა. მას შემდგომ, რაც ზიდანი გუნდში დაბრუნდა, ვალვერდეს როლი გუნდში ერთი-ორად გაიზარდა. სულ მოკლე დროში ის ტრანსფორმირდა როტაციის ფეხბურთელიდან გუნდის ერთ-ერთ ბირთვად. ზიდანმა მას იდეალურად მოარგო მთელი ნახევარდაცვის დამხმარის როლი. 90 წუთის განმავლობაში ახალგაზრდა ურუგვაელი ახერხებს და ეხმარება როგორც კაზემიროს, საყრდენ ზონაში, ასევე კროოსსა და მოდრიჩს, შეტევების წარმართვაში. ლა ლიგის 18 მატჩიდან ის 5-ჯერ საუკეთესოდ დასახელდა, ესპანეთის სუპერთასის ტიტულის მოპოვებაში კი ლომის წილი შეიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო. მსგავსი პროგრესი ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მართლაც წარმოუდგენელია.

ფერლან მენდი. ალბათ ყველას კარგად ახსოვს სეზონის სტარტი, როდესაც მადრიდის "რეალის" დაცვა კრიტიკას ვერ უძლებდა და გოლს გოლზე უშვებდა. შემდგომ მარსელომ ტრავმა მიიღო, რასაც ფერლან მენდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა მოჰყვა. ამ ცვლილებამ კი შეიძლება ითქვას, რომ გუნდზე დიდი ცვლილება მოახდინა. ახალგაზრდა ფრანგი დაცვის მარცხენა ფლანგის ნამდვილ მფლობელად ჩამოყალიბდა. მისი ფიზიკური მონაცემების წყალობით ფაქტიბრივად შეუძლებელია მისი ჩამოშრება. თუმცა, მთავარი პროგრესი მის შეტევაში შეინიშნება. მენდის სეზონის სტარტზე სწორედ იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ შეტევაში ძალიან უჭირდა. თუმცა, ზინედინ ზიდანმა შეძლო ამ უნარის აღმოჩენა და განვითარება. რომ გადავხედოთ მის სადებიუტო და ბოლო 5 მატჩებს, უდაოდ უდიდეს განსხვავებას დავინახავთ, რისი მთავარი შემოქმედიც ზინედინ ზიდანია.

ქარიმ ბენზემა. როგორ შეიძლება ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო სეზონი 32 წლის ასაკში ჰქონდეს? ეს მხოლოდ ზინედინ ზიდანმა შეიძლება გაგვაგებინოს. მიმდინარე სეზონში ფრანგ ფორვარდს უკვე 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული, გარდა ამისა, იგი უდაო ლიდერია "სამეფო კლუბის". ზიდანის მოსვლამდე ქარიმი ვერ ახერხებდა იმ ფეხბურთის ჩვენებას, რასაც ქომაგები მისგან ელოდნენ. იყო არაერთ მნიშვნელოვან მატჩში გაცუდებული მომენტები. ფრანგმა სპეციალისტმა კი თავის თანამემამულეს ახალი სუნთქვა შთაბერა და მას თავდაჯერებულობა აუმაღლა. დღევანდელი "რეალის" თავდასხმის ხაზის წარმოდგენა ბენზემას გარეშე შეუძლებელია და ამის მიზეზი სწორედ ზინედინ ზიდანი გახლავთ.

1 თვის წინ
680 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ